Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში

ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის 
შესახებ 


    საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსებს საქართველოს პროკურატურაში  საპროკურორო უფლებამოსილების განმახორციელებელ და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად. 

 

სტაჟიორობის კანდიდატების მიმართ ძირითადი მოთხოვნებია:

o უმაღლესი იურიდიული განათლება;
o არგუმენტაციის უნარი;
o პასუხისმგებლობის გრძნობა;
o მიზანდასახულობა;
o ორგანიზებულობა;
o სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
o მოტივირებულობა;
o ანალიტიკური აზროვნება.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) უნდა გამოაგზავნონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით,  2021 წლის 6 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟიორობის კანდიდატმა ზემოაღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით შესაბამისი საკონკურსო განაცხადის (აპლიკაციის) გამოგზავნისას, განაცხადს (აპლიკაციას) ელექტრონული სახით უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების დასკანერებული ასლები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად) ან ცნობა უმაღლესი იურიდიული განათლების დასრულების შესახებ;
გ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში).


შენიშვნა: სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებსაც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ აქვთ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, კონკურსზე დაიშვებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშეც. თუმცა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორად დაინიშნებიან პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის, ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

სტაჟიორთა კონკურსი ჩატარდება ოთხ ეტაპად. პირველი - შემოსული განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, მეორე და მესამე ეტაპი ჩატარდება ტესტირების ფორმით, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. 

 

სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპის პროგრამა და 
გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერი

 

კონკურსის მეორე ეტაპის პროგრამა შედგება შემდეგი
 სამართლებრივი აქტებისაგან:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენცია;
გ) ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია;
დ) ,,სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენცია; 
ე) ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია (გარდა II და III თავებისა); 
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 
ზ) ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; 
ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
კ)  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; 
ლ) ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. 

კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით გავლილად ითვლება, თუ სტაჟიორობის კანდიდატი შეთავაზებული 100 ტესტიდან მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას. თითოეულ დავალებას (ტესტს) ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად გაცემული პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. 
კონკურსის შემდგომ ეტაპზე გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერი შეიძლება შეიცვალოს სტაჟირების გავლის კომისიის გადაწყვეტილებით.
    კონკურსის მესამე ეტაპზე (ტესტირება ზოგად უნარებში) არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის (ტესტირების) მეორე  ეტაპს.

 

სტაჟიორთა კონკურსის მესამე ეტაპის პროგრამა და 
გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერი


წერილობითი კონკურსის (ტესტირების) მესამე ეტაპი - ზოგადი უნარების ტესტირება - შედგება ორი: ვერბალური (წაკითხული ტექსტის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, წინადადებების შევსება, ანალოგიები) და რაოდენობრივი მსჯელობის (რაოდენობრივი შედარება, ამოცანები, მონაცემთა საკმარისობა, მონაცემთა ანალიზი) ნაწილისაგან. ვერბალური ნაწილი მოიცავს 40 ტესტურ დავალებას, რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი მოიცავს 20 ტესტურ დავალებას. თითოეულ დავალებას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად გაცემული პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.


კონკურსის მესამე ეტაპი წარმატებით გავლილად ითვლება, თუ სტაჟიორობის კანდიდატი შეთავაზებული 60 ტესტური დავალებიდან მოაგროვებს 36 ან მეტ ქულას.
კონკურსის შემდგომ ეტაპზე გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერი შეიძლება შეიცვალოს სტაჟირების გავლის კომისიის გადაწყვეტილებით. 


 კონკურსის მეოთხე ეტაპზე (გასაუბრებაზე) არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის (ტესტირების) მესამე  ეტაპს.
კონკურსის მეორე ან მესამე ეტაპების (ტესტირებების) შედეგების გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში სტაჟიორობის კანდიდატებს შეუძლიათ საჩივრით მიმართონ სტაჟირების გავლის კომისიას.


წარმატებული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.
კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ სტაჟიორობის კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის ყოველ ეტაპზე დასაშვებად სტაჟიორობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმატებული სტაჟიორობის კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, გაივლიან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს პროკურატურაში - დაინიშნებიან სტაჟიორად საპროკურორო უფლებამოსილებით ან სტაჟიორად პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგოს ოდენობა შეადგენს 960 ლარს.

 

სტაჟირების ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ, სტაჟირების გავლის კომისია ახდენს სტაჟიორთა შეფასებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 
სტაჟირების გავლის კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ პირთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები, გენერალური პროკურორის მიერ, ინიშნებიან საქართველოს პროკურატურაში შესაბამის (პროკურორის ან გამომძიებლის) ვაკანტურ თანამდებობაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არაუდრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე:
240 52 40
240 52 07
240 57 40
240 53 15
240 57 78